თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე, ბაჩუკი ქარდავაზე - მას ორმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა, დაპირისპირების შემდეგ უცნობი პირები ადგილიდან მიიმალნენ.
„რომ არა ფაქტი თაკო ჩარკვიანის მეუღლის და თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის შესახებ, ალბათ, მეც მოუმზადებელი აღმოვჩნდებოდი ამ სიტუაციისთვის იმიტომ, რომ ადამიანები აშკარად ცდილობდნენ კონფლიქტში შემოსვლას,“ - ამბობს ქარდავა.
მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც მიიღეს.
ძალა ერთობაშიას წარმომადგენლები ძალადობის წახალისებაში პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებენ.
„ძალიან ბევრმა ლიდერმა გაერთიანებული ოპოზიციის უკვე მიიღო მუქარის გზავნილები ტელეფონებით და მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არის შემთხვევითობა და რამე დამთხვევა. კოალიცია და ალიანსი ხელისუფლებას და ქუჩას შორის შედგა და ასეთ ალიანსებს ასეთი გაგრძელება აქვს ხოლმე,“ - განაცხადა ქარდავამ.