რესპუბლიკური პარტია სოლიდარულია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმართ, თუმცა, არ იზიარებენ აქციის ფორმას, რის გამოც, ისინი აქციაზე მისვლას არ აპირებენ.
პარტიის წევრები დღეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში იმყოფებოდნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ იზიარებენ მათ მოთხოვნებს.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ამბობს, რომ იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის შეხედულებას, რომ საარჩევნო სისტემა ძირეულად შესაცვლელია.
„ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ მათთან სოლიდარული, ვეთანხმებით, ძირითადი თემა არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო სისტემა, რაც ძირეულად შესაცვლელია, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივებში და მხარს დავუჭერთ მომავალშიც. გაერთიანებული ოპოზიცია ხვდება თავის მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის, მოთხოვნებს, რომელიც აქ გაჟღერდება. ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი თავად აქციაზე,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციის გამართვას ხვალ რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე გეგმავს.