არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლაშა ჟვანია დაიკავებს. ჟვანიამ უკვე უარი თქვა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და გავრცელებული ინფორმაციას დაადასტურა.
ახალი პრეზიდენტის წარმომადგენლების ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის წევრი შესაძლოა გახდეს საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიძინა გიორგობიანი.
გიორგობიანი ამბობს, რომ მას სალომე ზურაბიშვილისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა, ის მზად არის, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ნებისმიერი სახის წინადადება განიხილოს.
„მე არ მიმიღია არავითარი შემოთავაზება სალომესგან ადმინისტრაციაში მუშაობის. მე დავუშვათ, ახლა რომ გავაკეთო განმარტება, რომ მგონია, იქ უნდა ვიმუშაო, ჩემგან იქნება ძალიან უხერხული. ალბათ თვითონ უნდა გააკეთოს, ადმინისტრაცია უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტმა თვითონ. თუ დასჭირდება პრეზიდენტს და მეტყვის, რომ აი, მე მინდა, რომ დავუშვათ შენ ამას და ამას აკეთებდე ჩემს გვერდით, მაშინ მე მოვიფიქრებ, რომ გავაკეთო თუ არა, შემიძლია თუ არა იმ საქმის გაკეთება... თუ ჩათვლის, ქალბატონი სალომე, რომ მე რაღაც შემიძლია და უნდა გავაკეთო მის ადმინისტრაციაში და მეტყვის, რომ ეს გააკეთო უნდა შენ და კარგი იქნება თუ ამას გააკეთებ, მაშინ არ ვიცი, მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის გუნდის წევრი შესაძლოა გახდეს ასევე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე. მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა მიიღო თუ არა უკვე შეთავაზება სალომე ზურაბიშვილისგან.
სამხარაძის თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს ადმინისტრაციის შემადგენლობას.
„ქალბატონი პრეზიდენტი თვითონ გამოაცხადებს, როცა გამოაცხადებს მაშინ იქნება. როცა არ იქნება ოფიციალური განცხადება, როგორ დავადასტურებ. კონკრეტული არაფერი,“ - განაცხადა სამხარაძემ.