ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებული უკრაინის მოქალაქეების სასამართლო პროცესი იმართება. აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობას აყენებს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა 2 დეკემბრის გამთენიისას განვითარებული პროცესები გაიხსენეს. დაკავებულების განცხადებით, მათ არ ჰქონდათ საშუალება თვალი ედევნებინათ, როგორც მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეები სპეცოპერაციის დროს მიყენებულ პიროვნულ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ.
ადვოკატი, გიორგი როსტომაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაზე საუბრობენ. ასევე, უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.
„ფაქტიურად, მტკიცებულება არ არის. მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ ალტერნატიული საშუალებაც გვექნება, გირაო, შესაბამისად, შეთავაზებული იქნება გარკვეული თანხა,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.
უკრაინის დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესს ესწრება უკრაინის რადას დეპუტატი. სიმიონ სემერჩენკო ამბობს, რომ მომხდარში რუსულ პროპაგანდას ხედავს და ამბობს, რომ დაკავებულებს იარაღი ჩაუდეს.
„მათ ადანაშაულებენ, რომ ისინი არ სვამენ ყავას. რუსული პროპაგანდა ყველგან არის რუსული პროპაგანდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც. უბრალოდ მინდა, ქართველები დაფიქრდნენ, თქვენ შესანიშნავი მეომრები ხართ, როგორ შეეძლო 5 ადამიანს, იმ იარაღით. რომელიც მათ ჩაუდეს რევოლუციის მოწყობა. ალბათ მეტი რესურსი არ ჰქონდათ შესაბამის სამსახურებს, ეს ყველაფერი ჰგავს რუსულ პროპაგანდას,“ - განაცხადა სიმიონ სემერჩენკომ.
საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ დაკავებულების სასტუმროების ნომრების ჩხრეკის დროს საბრძოლო იარაღია ამოღებული, ასევე არსებობს მათი მხრიდან მიმავლის და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ შვიდივე ბრალდებულის მიმართ არსებობს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კონკრეტულად, კი არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე. მოგეხსენებათ, მოცემული სისხლის სამართლის ფარგლებში, შვიდივე ბრალდებულის მიმართ, სასტუმროს სამი ნომრის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა,“ - განაცხადა პროკურორმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი