პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვს.
ხოშტარიას თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ოპოზიციის სრული სპექტრი იზიარებს.
„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის არა რომელიმე ცალკე აღებული პარტიის მოთხოვნა ან კაპრიზი ან სურვილი, ეს არის აუცილებელი ამოცანა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე პარტიის პოზიცია,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლის ინტერესშიც კი შედის, რომ ეს ხელისუფლება ხალხის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული.
ხოშტარია მმართველი პარტიის იმ წარმომადგენლებს აკრიტიკებს, რომლებიც ამბობენ, რომ 2024 წლამდე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს.
„ჩვენ რაც ვნახეთ პირველი ტურის შემდეგ, ეს იყო პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება, რომელმაც მიმართა ყველა ღონეს იმისთვის, რომ გამოეგლიჯათ, მოეპოვებინათ ეს გამარჯვება... აბსოლუტურად ცხადია, რომ მათ მიიღეს საერთაშორისო სიგნალი იმ გაყალბებებთან დაკავშირებით, რაც მოხდა. მათ მიიღეს საზოგადოებისგან ძალიან დიდი საპროტესტო ნიშანი,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, თუ საარჩევნო სისტემა პროპორციულზე არ გადავა, მანამდე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აზრს კარგავს.
ხოშტარია ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას, მათ შორის, თაკო ჩარკვიანზე მომხდარ თავდასხმას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ხოშტარიას შეფასებით, ხელისუფლება ძალადობის წახალისებას ახდენს, რის არგუმენტადაც ქალაქის მერის, კახა კალაძის, განცხადება მოჰყავს, რომელმაც აღნიშნა, რომ „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.