ეს არის ბუნებრივი რეაქცია საქართველოს ყველა მეგობრის მხრიდან - ამ განცხადებით „ევროპული საქართველო" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.
გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით განხორციელდეს. ამისთვის კი, ბოკერია მიიჩნევს, რომ საარჩევო სისტემის ცვლილება აუცილებელია და ქვეყანა პროპორციულ-რეგიონალურ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.
„ეს არის ბუნებრივი რეაქცია საქართველოს ყველა მეგობრის მხრიდან, იმ ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და განსაკუთრებით მეორე ტურში. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველა ჩვენი მეგობარი მოელის ფუნდამენტურ ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა არის ჩიხი და ამ ვითარების შენარჩუნება არის შეუთავსებელი საქართველოს დემოკრატიის და უსაფრთხოების შემდგომ დაცვასთან. ეს არის პრობლემა.
რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემაა ის უტიფარი პოლიტიკური რეაქცია, რასაც ვხედავთ ივანიშვილის გუნდისგან, ჯერჯერობით, იგნორირების მცდელობა ამისი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან სერიოზული ზეწოლით ხელისუფლებაზე და ქვეყნის გარეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, ვაიძულოთ ივანიშვილი, რომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ასეთი პირველი ნაბიჯია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.