თელავი ერთ-ერთი წაგებული რეგიონი იყო - სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კახეთში შედგება.
ამის შესახებ განცხადება თავად ზურაბიშვილმა გააკეთა. ის არ მალავს, რომ ინაუგურაციის ადგილად თელავი შემთხვევით არ აურჩევიათ. ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, მას თელავში ინაუგურაციის გამართვით იმის დამტკიცება უნდა, რომ მათი პრეზიდენტიცაა ვინც ხმა არ მისცა.
„იყო რამოდენიმე სცენარი, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი, იმიტომ რომ ჩემი მთელი წინასაარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე რომ ჩვენ უნდა რეგიონები ამოვწიოთ, რომ განვითარდეს რეგიონები, იმიტომ რომ რეგიონების განვითარების არ იქნება საქართველოს განვითარება და მე ვთვლი რომ ძალიან სწორი არჩევანი არის თელავი
მეორე მიზეზი იყო რატომაც მე არჩევანი გავაკეთე თელავზე და ეს არავისთვის საწყენი არ არის სხვა რეგიონებიდან, ეს იმიტომ, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების რომლებმაც მე ხმა არ მომცეს,“-ამბობს ზურაბიშვილი.
ავტორი: ნინო გაზდელიანი