19 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
„ქალთა მოძრაობა“ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ - არასამთავრობოები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ საპარლამენტო მდივნის სხვა კანდიდატურა შეარჩიოს

„ქალთა მოძრაობა“ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ - ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, იურისტი, დიმიტრი გაბუნია არ დანიშნოს საპარლამენტო მდივნად.

„ქალთა მოძრაობის“ წევრი, იდა ბახტურიძე განმარტავს თუ რატომ ეწინააღმდეგებიან დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად დანიშვნას. მისი თქმით, გაბუნიამ ზვიად დევდარიანის მხრიდან, სავარაუდოდ, განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი გაამართლა.

„ჩვენ გვაქვს პრობლემა დიმიტრი გაბუნიას ღირებულებებთან, რომელიც საჯაროდ დააფიქსირა მან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად, ეს პრობლემა ნორმად წარმოაჩინა და პირად პრაქტიკად, როდესაც თქვა, რომ ზვიად დევდარიანს არ გაუკეთებია ისეთ არაფერი, რაც ყველა ჩვენგანს არ გაუკეთებია,“ - ამბობს ბახტურიძე.

იდა ბახტურიძე დიმიტრი გაბუნიას შეხედულებების გამო მოუწოდებს არჩეულ პრეზიდენტს, რომ ეს გარემოება გაითვალისწინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება გაბუნიას საპარლამენტო მდივნად დანიშვნასთან დაკავშირებით.

„სალომე ზურაბიშვილისთვის ეს უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას სთავაზობს ადამიანს და თუკი ეს მანამდე არ იცოდა, ჩვენ ვახსენებთ ამ ფაქტის შესახებ,“ - განაცხადა იდა ბახტურიძემ

დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისგან სწორი გადაწყვეტილების მიღებას ელის „ქალთა ფონდი საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ფანცულაიაც. მისი შეფასებით, დიმიტრი გაბუნიას ძირითადი არგუმენტი ზვიად დევდარიანის დაცვის დროს იყო ის, რომ კაცები ძირითადად ასე იქცევიან.

„ვფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელმაც თავი გამოიჩინა იმით, რომ გაამართლა სექსუალური შევიწროება, ის მართალია, ადვოკატიც იყო, მაგრამ გარდა ამისა, მის რიტორიკაში იყო გამამართლებელი ამ მხრივ, რომ ეს არის პრაქტიკა, რომ ჩვენ კაცები მუდმივად ასე ვიქცევით, ანუ როგორც განცხადებაში წერია, შეეცადა ამ საკითხის ნორმალიზებას. ამის ურეაქციოდ დატოვება ქალთა უფლებების აქტივისტებს ნამდვილად არ შეუძლიათ და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხს ქალბატონი სალომე გულგრილად არ შეხვდება და აუცილებლად გადასინჯავს თავის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნანა ფანცულაიამ.

დღის ამბები