საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. მმართველი გუნდის ნაწილის თქმით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები ან გადაადგილებები პარტიაში არ უნდა განხორციელდეს.
მათი შეფასებით, სტრუქტურული ცვლილებები იმ კუთხით უნდა მოხდეს, რომ ჩატარდეს რეფორმები და დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებას აქვს.
„ის საკადრო ცვლილებები, რაზეც ჭორები არსებობს, მგონია, რომ სჯობს, ალბათ, უფრო საქმეზე გავაკეთოთ კონცენტრირება, რადგან თუ რაიმე საკადრო ცვლილება იქნება, ამაზე საზოგადოებად ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდება. დანარჩენი ვფიქრობ, რომ არის ჭორები. რაც არ უნდა სპეკულაციებზე ვისაუბროთ, რეალობაში იქნება ის, რაც საბოლოო ჯამში იქნება. იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები, ეს მეორე თემაა. მე ვხედავ საჭიროებას, რომ საქმე უფრო მეტი და უფრო კარგად ვაკეთოთ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
მმართველი გუნდის ნაწილის აზრით, არჩევნების შედეგებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული ცვლილებებთან და თანამდებობების დატოვებასთან.
„მე ვფიქრობ, ასეთი ცვლილებები ამ ეტაპზე საჭირო არ არის, თუმცა თუკი გახდა საჭირო, ამ რანგშიც შეიძლება ცვლილების განხორციელება. საარჩევნო შედეგებთან, ანუ ციფრებთან არ უნდა იყოს კავშირში ვინმეს გათავისუფლება, ან ცვლილება, მაგრამ თუკი ის ვითარება ითხოვს ცვლილებას, არა მხოლოდ ციფრები, ეს ცვლილებები უნდა იყოს. ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე კარგად აჩვენა, რომ საკადრო ცვლილებები აუცილებელია.
„ეს ჩვეულებრივი პროცესია, სიახლე აუცილებელია, ახალი ძალა აუცილებელია, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცვლილებები შეიძლება, მოხდეს,“- განაცხადა შოთა ხაბარელმა.
დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე გარკვეულ ცვლილებებს ელოდება, თუმცა ის გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძე გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.
„ალბათ, იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ სად, როგორ და რა მიმართულებით, არ ვიცი. მე ცვლილებას ყველა დონეზე ველოდები,“- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, პრემიერი თანამდებობას დატოვებს და მას შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. ასევე არსებული ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება პარტია "ქართული ოცნებაშიც". გენერალური და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობებს კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დატოვებენ.