19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ნარმანიას მერობისას გაფლანგული 2 მილიონი ლარი და ერთი მაღალჩინოსნის დასაქმებაზე დახარჯული კოლოსალური თანხა - აუდიტის ანგარიში

დავით ნარმანიას მერობისას გაფლანგული 2 მილიონი ლარი და ერთი მაღალჩინოსნის დასაქმებაზე დახარჯული კოლოსალური თანხა.

აუდიტის სამსახური რეკომენდაციებით მერიასა და საკრებულოს მიმართავს.

საუბარია, მეწარმეობის განვითარების ცენტრზე, როცა ამ მიმართულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა ისედაც იხარჯებოდა. ცენტრს ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილე და მისი მეგობარი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა. თბილისის წინა მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა სულ ერთი არასრული წელი არსებობდა და ამ ხნის განმავლობაში 2 მილიონამდე თანხაც სრულიად უპრობლემოდ და უმიზნოდ აითვისეს.

სკანდალური პროგრამა, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნიშნებს შეიცავდა, ახლა უკვე აუდიტის სამსახურიც ადასტურებს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ  სპეციალური ანგარიში მოამზადა.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს ააიპ-ი დაახლოებით წელიწადნახევარში გაუქმდა და არ იყო გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მისი საქმიანობა. მთლიანობაში ამ ააიპ-ის ფარგლებში ძირითადი თანხა დახარჯული იყო ადმინისტრაციის შენახვაზე და ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ ორი ღონისძიება განახორციელეს. გავუგზავნეთ დამტკიცებული ანგარიში თბილისის მერიასა და საკრებულოს და ვთხოვეთ, რომ მათ შეესწავლათ მიზანშეწონილობა ამ ააიპ-ის როგორც დაფუძნების ასევე ლიკვიდაციის. მივეცით რეკომენდაცია, რომ მომავალში გაითვალისწინონ ის გარემოებები, რომ ახალი სუბიექტების დაფუძნებისას და ამ ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის შემთხვევაში სტრატეგია გათვლილი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე,“ - ამბობს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ააიპ-ს ჰქონდა ორი მოკლევადიანი პროექტი, რომლებიც განხორციელდა კიდეც.

„რაც შეეხება იმას, რომ აუდიტის სამსახურმა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა. თუკი აუდიტის სამსახური მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ იქ ჰქონდა დარღვევებს ადგილი, რა თქმა უნდა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს,“-ამბობს ბერაძე.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მარგიშვილისთვის ეს სამსახური მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა. ის დავით ნარმანიას ახლო მეგობარი და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო.

„აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ოპოზიცია იყო მართალი. დადასტურდა, რომ ადამიანი 6000 ლარს ყოველთვიურად იღებდა არაფრის კეთებაში, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო დავით ნარმანიას მეგობარი და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ კორუფციულ სკანდალში იყო მის მიერ დაქვემდებარებული უწყებები გახვეული, მისცეს  დამსახურებული პენსია თბილისელების ხარჯზე“-ამბობს საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები