19 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
რესტორან "წისქვილში" მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

რესტორან წისქვილში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, ემზარ ზურაბიშვილი, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბიშვილი საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მან ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბიშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი ამ დროისვის შვებულებაში იმყოფება. 

შსს ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ პირს, ყოფილ პატიმარს, გიორგი ყანჩაველს. მას სამი პირის დაჭრას ედავებიან, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის. 

შემთხვევა ორი დღის წინ წყნეთში მდებარე რესტორან წისქვილში მოხდა. ინციდენტის დროს სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, ზვიად მიხანაშვილთან, ერთად დაჭრილია კიდევ ორი პირი. ერთ-ერთი არის პრობაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭითანავა, ხოლო მეორე დაჭრილი ამავე უწყების მაღალჩინოსანია.

დღის ამბები