19 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
საქართველო კარგავს დემოკრატიის შუქურის სტატუსს - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნები სომხეთში და საქართველოში შეაფასა 

2-კვირიანი შუალედით ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთსა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა.

შეფასებაში წერია, რომ სომხეთში საარჩევნო პროცესი ხალხის ფართო ნდობით და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით სარგებლობდა მაშინ, როცა საქართველოს არჩევნების შეფასებისას, დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების პარტიული კამპანიისთვის გამოყენების შესახებ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სომხეთმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დემოკრატიის სტანდარტში რეგიონში პოზიციები გაიმყარა, დემოკრატიის შუქურად აღიარებულმა საქართველომ კი დაკარგა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთისა და საქართველოს არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ ორივე შემთხვევაში არჩევნები იყო კონკურენტული და კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად ჩატარება. თუმცა, ამერიკის და საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთების საგანი საქართველოში სწორედ სახელმწიფო რესურსების გამოყენება და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაა, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაატაროს, რაც დასკვნის მიხედვით, ქვეყანამ ვერ შეძლო.

ანალიტიკოსები აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სომხეთსა და საქართველოში რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პროცესია, ორ ქვეყანაში არჩევნების შეფასების შედარებისას ცალსახაა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის კუთხით პოზიციებს კარგავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიდან ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის კუთხით, რაც ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში აზიანებს.

დღის ამბები