19 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ლაგოდეხის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულებს ხელფასები ეზრდებათ - ადგილობრივ ბიუჯეტი 300 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს შესაძლოა, ხელფასები მოემატოთ. ამ მიზნით 2019 წლის ბიუჯეტში 300 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

გაზრდილი ანაზღაურება მხოლოდ საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ პირებს ექნებათ. ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ სოციალურად დაუცველები და პენსიონერები. მერიას არც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდაზე უზრუნვია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსები საკუთარი ხელფასების ზრდას იმით ხსნიან, რომ რთული სამუშაო გრაფიკი აქვთ და მაღალი შემოსავალი სჭირდებათ.

ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ითხოვენ, რომ ხელფასი აიპებში დასაქმებულ დაბალი ანაზღაურების მქონე პირებს, განსაკუთრებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მოუმატონ.მათი აზრით, საჯარო მოხელეებს ხელფასს არჩევნებისას გაწეული შრომისთვის უხდიან.

თუმცა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ რაიონში, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, დაბალი ხელფასები იყო და ახლა ამის გათანაბრებას ცდილობენ. გიორგი ღამბაშიძე უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ხელფასები არჩევნების დროს გაწეული საქმიანობის შემდეგ ემატებათ.

მერის მოადგილის ალექსი ჭანკოტაძის თქმით, ლაგოდეხის მერია უფასო სასადილოს რემონტსა და კვების გაუმჯობესებასაც გეგმავს და საკრებულოს შენიშვნებზეც იმსჯელებს.

ლაგოდეხის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარამდეა, რაც 2018 წელთან შედარებით 2 მილიონით მეტია. ლაგოდეხს გარდა, სახელფასო ფონდი იზრდება ახმეტაში და გურჯაანში. 2019 წლის ბიუჯეტი საკრებულომ 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები