19 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
საინაუგურაციო პროტოკოლის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა

საინაუგურაციო პროტოკოლისა და წესების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება შევიდა. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ საინაუგურაციო პროტოკოლისა და წესები დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდა.

„პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, წესი გაწერილი იყო 2001 წელს და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა რამდენჯერმე, ამიტომ, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტი მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება. ეს ცვლილებაც არის გაგრძელება იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი შემთხვევა, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები