თელავში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისი მიმდინარეობს. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეპეტიცია გაიარა. თუმცა თელავი ისე დატოვა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თელავში იმყოფებიან საინაუგურაციო კომისიის წევრებიც. რეჟისორები და კომისიის თავმჯდომარე.
თელავში მცირე ინციდენტიც მოხდა. ინაუგურაციის რეპეტიციას მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა. კერძოდ ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები.
როგროც დაზარალებულები "კურიერთან" საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.
სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ დაზარალებულთა მონაცემებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან, თუმცა ჯერჯერობით კურდღელაურის მცხოვრებლებთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.