ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის ფლიგელი ორ თვენახევარში იქნება მზად - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა, ლაშა ჟვანიამ გააკეთა.
ის არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მუშაობა ათონელის რეზიდენციაში ადმინისტრაციულ ნაწილში დაიწყოს, რადგან პრეზიდენტის ფლიგელი დასასრულებელია.
„ათონელის შენობის საპრეზიდენტო ფლიგელი არ არის დასრულებული და მას დასჭირდება ორი თვე, შეიძლება ორ თვენახევარი, შეიძლება სამი თვე, მაგრამ ადმინისტრაციული ნაწილი სრულად დასრულებული არის და იქ არის პირობები, რომ პრეზიდენტმა იმუშაოს, ისევე, როგორც ადმინისტრაციის ნაწილმა,“ - განაცხადა ჟვანიამ.
ლაშა ჟვანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ათონელის რეზიდენციაში არ მივა, რადგან შეხვედრებს მართავს ერთ-ერთ საასტუმროში.
ჟვანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.