"თუ არსებობდა რეალური ჩვენება, რომ შიმშილობა უკვე რეალურ საფრთხეს უქმნიდა ამ ადამიანის სიცოცხლეს, მაშინ უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები," - ამ განცხადებით პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, გიორგი ტუღუში, 34 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
გიორგი ტუღუში ამბობს, რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო პრაქტიკა იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პენიტენციალურმა დაწესებულებამ მსგავს სიტუაციაში.
„ძალიან მძიმე ფაქტია, არსებობს არა ერთი ეთიკური სტანდარტი, როდესაც მსგავსი რამ ხდება, თუმცა, ამოსავალი წერტილი აქ, რა თქმა უნდა, არის ადამიანის სიცოცხლე და, თუ არსებობდა რეალური ჩვენება, რომ შიმშილობა უკვე რეალურ საფრთხეს უქმნიდა ამ ადამიანის სიცოცხლეს, მაშინ უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები და არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილებაც და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება, მოხდეს იძულებით უკვე ადამიანისთვის გარკვეული ნივთიერებების მიწოდება,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ. მისი თქმით, თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში.
„უნდა გაირკვეს, რატომ შიმშილობდა ეს ადამიანი და რატომ მოითხოვდა თავისი საქმის გადახედვას და რეალურად რა მოხდა სინამდვილეში. ამაზე მე ვარ შესაბამისად საკომუნიკაციო ხაზზე შესაბამის უწყებებთან და ამ საკითხსაც მოვიკვლევთ აუცილებლად. როგორც პენიტენციური დაწესებულება აცხადებს, ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანისთვის შესაბამისი დახმარება გაეწიათ. თუმცა, რა მოხდა, სიმართლე გითხრათ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 34 წლის პატიმარი გარდაცვლილა. გიორგი ფასეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
პატიმარი გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული, თუმცა, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა.