19 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? - ოპოზიცია კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ. პროკურატურამ დავით კირკიტაძეს ბრალი უკვე წარუდგინა.

ბრალის წარდგენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, გურჯაანის სასამართლოსთან ელოდებიან დავით კირკიტაძის თანაგუნდელები. გაერთიანებული ოპოზიცია, სასამართლო პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქციას მართავს.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ოპოზიციის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად, ხელისუფლებამ ის პირები უნდა დასაჯოს, ვინც 16 დეკემბერს უკანონო ბრძანება გასცა და აქციის მონაწილეებს თელავის მიმართულებით გზა გადაუკეტა.

გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხელშეუხებლები არიან და მათ არაფერს ედავება გამოძიება.   

„თუ ხარ ე.წ. "ქართული ოცნების" წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, სასამართლოში არ მიგიყვანენ და თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. ყველა სასამართლოს ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა სტრასბურგამდე მივალთ იმიტომ, რომ ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით, გადაადგილების უფლება შეუზღუდეს, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს, აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს, შეკრების თავისუფლება შეუზღუდეს და კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფლებაზე?“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ვაშაძის განცხადებით, დღეს სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში არ უნდა დატოვოს.

„აქედან მივმართავ მოსამართლეს და მოვუწოდებ, რომ ყველაფერს ვსწავლობთ, პარალელური საგამოძიებო ჯგუფები გვყავს, ყველა სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც ჩადის ახლა, ყველა ფაქტი იქნება დაფიქსირებული და კანონის შესაბამისად აღრიცხული, ყველა აგებს პასუხს ამ უკანონობის გამო, ამიტომ, მოვუწოდებ მას, რომ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს და არ დატოვოს პატიმრობაში დავით კირკიტაძე,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფება ასევე "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოა.

„დღეს "ლეიბორისტული პარტია" დგას გალავნის გარეთ იმ ქართველების უკან და ყოველთვის ვიდგებით უსამართლობის წინააღმდეგ და ხალხის გვერდით,“ - განაცხადა ვარდოშვილმა.

დღის ამბები