საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, დავით კირკიტაძისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას კრიტიკულად აფასებს. ოქრიაშვილი იმ 30-მდე დეპუტატს შორის არის, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს, რომ დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგებოდნენ.
ოქრიაშვილის თქმით, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო, თუმცა, ამ ტიპის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მას გამართლებულად არ მიაჩნია.
მან ასევე გაიხსენა ბოლო პერიოდში საჯარო მოხელეებზე მომხდარი თავდასხმები, რომელში მონაწილე პირებსაც სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელი შეუფარდა და სწორედ აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კირკიტაძესაც ან გირაო ან შინაპატიმრობა უნდა შეფარდებოდა.
„მსურს გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხის უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები - სახელმწიფო მოხელეებზე განხორცილებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულებებნი და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც, სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ, ვთხოვ, დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა - გირაო, შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია,“ - ამბობს ოქრიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.