საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ეთი ლიდერის, დავით კირკიტაძისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას მიესალმებიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინაუგურაციის დღეს, ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ პირზე განხორციელებული ძალადობის გამო, აუცილებლად უნდა დაისაჯოს მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტზე არ იყო მითითებული, რომ ის სამართალდამცავებს ეკუთვნოდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ მოსამართლის პრეროგატივაა, რომელ აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს.
ბესელიას თქმით, კადრში ჩანდა, რომ ავტობუსში მყოფი პირი იყო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი.
„რომელიმე ღიად დარჩენილი საქმე ან რომელიც ჯერ გამოძიების პროცესშია ან ჯერ არ არის დაკავებული, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ის, რაც მოხდა ინაუგურაციის დღეს ძალადობის ფაქტებზე არ ყოფილიყო რეაგირება,“ - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პოლიციელების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა, მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
„კონკრეტულად რა სახდელებს, რა სასჯელებს და რა ზომებს გამოიყენებს აღკვეთის ღონისძიებებისთვის, ეს არის სასამართლოს შესაფასებელი. მე მივესალმები იმას, რომ მსგავსი ქცევა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, პოლიციელების, სამართალდამცავების მიმართ დაუსჯელი არ რჩება. მკაფიო სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიან პირდაპირ ეთერში, სამართალდამცავების მიმართ, ამას არ დაუშვებს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, რის უფლება შეიძლება მოქალაქემ მისცეს პოლიციელის მიმართ და ასეთი რამ, რომ მოხდეს, რაც საქართველოში მოხდა, ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პასუხი იქნებოდა უმკაცრესი, ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენთან ხდება ხოლმე, რა პოლიტიკურ იმაზე არის საერთოდ ლაპარაკი, მე არ მესმის,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პოზიციას სრულად იზიარებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი, სოზარ სუბარი. მისი განცხადებით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ისჯებოდეს.
„ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს, წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, ისინი არ არიან გმირები, ისინი არიან დამნაშავეები და პასუხი უნდა აგონ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.