ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები კომისიის წევრებთან შეხვედრებს მართავენ. ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია შერჩევის ეტაპზე არათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიასთან შედარებით მათი არჩევის შესაძლებლობა დაბალია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თამარ ჟვანიასთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, რადგან ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
„ჩვენ ვერ ვართ თანაბარ პირობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თამარი არის მოქმედი თავმჯდომარე, აქ მხოლოდ ხმის მიცემაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ის ამ ადამიანებთან მუშაობდა წინა 5 წლის განმავლობაში და მათთან აქვს როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენთან შედარებით თამარი არის სწორედ საუკეთესო კანდიდატი,“ - ამბობს ბოჟაძე.
არათანაბარ პირობებზე საუბრობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგიაც. მისივე თქმით, არასწორია, როდესაც ცესკო-ს წევრებს პარლამენტი ირჩევს, ხოლო თავმჯდომარეს თავად წევრები.
„არ არის სწორი როდესაც ცესკოს წევრს ირჩევს პარლამენტი , ხოლო ცესკოს თავმჯდომარეს, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, ირჩევს ის 12 წევრი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ამიტომ ცოტა არათანაბარი პირობები არის სხვა კანდიდატებს და მოქმედ თავმჯდომარეს შორის, რომელიც თვითონ აძლევს ხმას თავის თავს“, - ამბობს შელეგია.
ცესკოში ფარული კენჭისყრა დღეს 14:00 საათისთვის დაიწყება და კომისიის 12 წევრი აირჩევს თავმჯდომარეს. ხმების 2/3 ანუ 8 ხმა არის საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად. ჟვანიასთან ერთად კენჭს ასევე იყრიან ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.