რატომ არ სრულდება დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით - ამ საკითხზე მომზადებული დადგენილება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა.
დოკუმენტის ავტორი, ხორავას საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კანონმდებლებმა დადგენილება ჩააგდეს, საკითხი პლენარულ საკითხზე მაინც გავა.
კაპანაძე ამბობს, რომ კომისიის რეკომენდაციები შესრულებული არ არის. სერგი კაპანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ძირითადი რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის წარდგენა სთხოვოს.
დადგენილებამ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ვერ მიიღო. მმართველი გუნდის წევრების თქმით, დოკუმენტში ასახული რეკომენდაციები „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დადგენილებაშიც არის მოცემული. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების მიღების საჭიროებას.
მმართველი გუნდის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა სერგი კაპანაძეს კითხვით მიმართა, დადგენილების მიღების მოთხოვნა უფრო პოლიტიკური აქტია თუ რეალურად იმის სურვილი, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის თქმით, აუცილებელია, რომ პარლამენტის მხრიდან ინსტიტუციური პასუხი იყოს.
დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დადგენილება პროცედურულად არასწორად იყო წარმოდგენილი და ასევე ცალკეული საკითხები კონსტიტუციურ პრინციპს ეწინააღმდეგება.
სხდომის დაწყების წინ სერგი კაპანაძემ ის სამი ძირითადი რეკომენდაცია განმარტა, რომლის შესრულებასაც საგამოძიებო უწყებებს ავალდებულებს.
„რეკომენდაციები შესრულებული არ არის. შს მინისტრმა წინა კვირას გვითხრა, რომ პასუხი არ აქვს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში მივიღოთ დადგენილება, რომელშიც სამი მთავარი რეკომენდაცია ცალკე იქნება გამოყოფილი. მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არის მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება და საგამოძიებო კომისიამ მირზა სუბელიანის ქმედებებში უამრავი დარღვევა გამოკვეთა, დაწყებული ცრუ ჩვენების მიცემით, დამთავრებული საგამოძიებო პროცესში არასათანადო ჩარევით. მესამე არის შსს-სა და პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი