ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, საქმის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო. გამომძიებლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, კითხვები გარდაცვლილის შვილს, ბაჩანა შენგელიას, დაუსვან. ის პროკურატურაში იმყოფება და სამართალდამცავ ორგანოს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში მტკიცებულებებიც გადაგზავნა, მათ შორის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზე ია კერზაიას სკოლაში ინსპექტირება დაიწყო.
შენგელიას თქმით, მისი დედა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსხვერპლა და ამის დასადასტურებლად საგამოძიებო უწყებას ამომწურავ მასალას მიაწვდის.
ის ოთხი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გამოძიების პროცესში დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.
ბაჩანა შენგელია, რამდენიმე პირთან ერთად, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს.
„მოთხოვნა არის დამნაშავე პირების დასჯა. ამ ეტაპზე გამოკვეთილი გვყავს ოთხი პირი განათლების სამინისტროდან. ესენი არიან ინსპექტორების სამსახურის თანამშრომლები - ბატონი წამალაშვილი და ქალბატონი ჯაფარიძე, ასევე მათი ხელმძღვანელი ქალბატონი გაბიჩვაძე და მინისტრი ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, რომლებიც უშუალოდ მათი ხელმოწერილი დოკუმენტები, რაც დევს საქმეში. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესში, როცა დაიწყება გამოძიება, აუცილებლად ეს წრე გაიზრდება და ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ვიდრე დღეს ეს მტკიცებულებებით ჩანს,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ია კერზაია დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა, მას ინსულტი ჰქონდა. მისი შვილი ამბობს, რომ მისი დედის ავადმყოფობა წინასაარჩევნოდ განვითარებულმა პროცესებმა გამოიწვია.ბაჩანა შენგელიას თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას აიძულებდნენ, რაზეც ია კერზაიამ უარი განაცხადა. შენგელიას განმარტებით, ამის შემდეგ განათლების სამინისტროს ინსპექციაში ანონიმური წერილი შევიდა, მოგვიანებით კი მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექციამ მუშაობა დაიწყო. ბაჩანა შენგელიას თქმით, მისი დედა ამ პერიოდში მიღებულმა სტრესმა იმსხვერპლა.