19 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე - სახალხო დამცველი გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს

სახალხო დამცველმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების შედეგები გაასაჯაროა. ნინო ლომჯარია გამოძიების პროცესში ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნით, სექტემბერში ჩაერთო.

ომბუდსმენის მიერ წარდგენილი შედეგების მიხედვით, საქმეზე სრულყოფილად არ არის ჩატარებული გამოძიება, ასევე არ არის დადგენილი თუ რატომ არ არის ჩატარებული სრულყოფილად ეს გამოძიება.

სახალხო დამცველის თქმით, არ არის გარკვეული იმ დაზიანებების წარმომავლობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას სხეულზე არის აღმოჩენილი.

ნინო ლომჯარიას თქმით, პირველი პრეზიდენტის სხეულს ერთადერთი ექსპერტიზა 2007 წელს რუსეთში ჩაუტარდა. ომბუდსმენი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის შესაძლო ორგანიზატორების, აღმსრულებლებისა და დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი და დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

"გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო სამედიცინო ქიმიური ან სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ასევე დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეიძლება დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიებას არ აქვს უტყუარად დადგენილი, რომ საქმეში არსებლი ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ის ის იარაღია, რომლითაც განხორციელდა გასროლა ზვიად გამსახურდიას მიმართ,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები