დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე საახალწლო ღონისძიებებზე საუბარს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. კახა კალაძის თქმით, 28 დეკემბრიდან რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნება. სვანეთიდან ჩამოვა თოვლის ბაბუა. კახა კალაძის განცხადებით, ის თოვლის ბაბუას Skype-ით ესაუბრა.
დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითავ ისაუბრა. კალაძის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლებში კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან.
თბილისის მერის თქმით, მოძრაობის წესები და კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ესაუბრა.
„ავტობუსის სპეციალური ზოლები, რომელიც შეიქმნა, ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან ამ გზებზე, რაც დარღვევაა და არ არის სწორი. მე ბატონ გიორგისთან გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ ვინც დაარღვევს, რა თქმა უნდა, დაჯარიმდეს და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.