19 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"პრობლემა აქვს სიას" - არასამთავრობოების შეფასებით, იუსტიციის საბჭოს პირველი რაუნდი მოუგეს

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვის, საგაზაფხულო სესიისთვის გადადებას, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. 

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პირველი რაუნდი მოუგეს. მათი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და რეალური შედეგი დაიდოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როდის განიხილავს პარლამენტი 10 კაციან სიას, რადგან მათი განცხადებით, პრობლემას არა განხილვის დრო, არამედ ის კანდიდატები წარმოადგენენ, რომელთა სიაც იუსტიციის საბჭომ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ პრობლემა აქვს სიას და ამ კანდიდატების ნომინირების საწყის ეტაპს. ჩვენთვის თუ ეს საგაზაფხულო სესიაზე ამ ფორმით გაგრძელდება, იქნება ისეთივე პრობლემა, ამიტომ ახლა უნდა მუშაობა გაგრძელდეს იმაზე, რომ პარლამენტმა ამ სიას არ დაუჭიროს მხარი, არც საგაზაფხულო სესიაზე. ეს ეტაპი საზოგადოების პროტესტის ფონზე არის გადალახული,“- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას იურისტი კახა კოჟორიძეც გამოეხმაურა, რომელიც მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მისი თქმით, პროცესები ისე უნდა წარიმართოს, რომ სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა გაიზარდოს. 

„პრეზიდენტს ჰქონდა კანდიდატის ნომინირების უფლება, ამ დროს მართალია პრეზიდენტს შეეძლო თვითონ დაესახელებინა არავისთვის აზრი არ ეკითხა, მაგრამ ვცდილობდით, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ჩაგვერთო საზოგადოების ფართო წრეები,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას სახალხო დამცველის აპარატში. 

"პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებებზე დამატების განხორციელების შესახებ, რათა გავწეროთ ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა. ამ პროცესის შემდეგ როცა მივიღებთ ჯანსაღ კანონმდებლობას, მოხდეს ინიცირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი კანდიდატების,"- განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები