„სიის უკან გაწვევა არის ერთი ნაბიჯი. მარტო სიის გაწვევა არ უშველის. ამ იუსტიციის საბჭომ რა სია უნდა შემოსთავაზოს,“- ამის შესახებ ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა. ის პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვის საგაზაფხულო სესიისთვის გადადებას გამოეხმაურა.
ლაშა ტუღუშის შეფასებებით, საკითხის განხილვა კეკლუცობას დაემსგავსება, რადგან თუ სისტემის მთლიანად ცვლილება სურთ, მაშინ მართლმსაჯულების სისტემაში გაცილებით მწვავე ნაბიჯები გადადგას. მისი თქმით, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნდობას არ იმსახურებს.
„რა კანონი უნდა დაწერონ, რომელიც ამ საბჭოს პოზიტიურ და სწორ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს. ძალიან დიდი უფლებამოსილება გააჩნია ამ საბჭოს. ამიტომ ეს მოდელი თავის დროზე პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიქმნა, რაღაც კეკლუცობით შეიქმნა. ამიტომ, არაფერი გამოვა, ჩვენ შეიძლება პატარა ნაბიჯი გადავდგათ წინ და 15 ნაბიჯს გადავდგამთ უკან. ამიტომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ და სხვანაირად უნდა ავაწყოთ ეს მოდელი,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
საკანონმდებლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.