უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცება შეჩერებულია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ორდღიანი ომი მოუგეს. პარლამენტი იძულებული გახდა, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატზე მსჯელობა შეეჩერებინა და პროცესი საგაზაფხულო სესიამდე გადადო. ამის შესახებ გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროა.
საკითხს გაზაფხულზე დაუბრუნდებიან, თუმცა უკან არ გაუწვევიათ და პარლამენტში რჩება იუსტიციის საბჭოდან გადაგზავნილი დოკუმენტი, სადაც იმ 10 მოსამართლის გვარი წერია, ვისი დანიშვნაც უმაღლეს საბჭოს უვადოდ უნდოდა.
კანდიდატების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების თქმით, რომ ეს რაუნდი მოიგეს, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე გეგმავენ.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საკითხის პარლამენტში გაზაფხულისთვის გადატანა გამოსავალი არ არის. მათი თქმით, მთავარი პრობლემა არა დრო, არამედ იმ მოსამართლეების სიაა, ვისაც მათი შეფასებით, ამ პოზიციისთვის ავტორიტეტი არ აქვთ.
საგანგებო შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმასაც აცხადებდნენ, რომ ნამდვილი შედეგის მისაღწევად სისტემა არა ნახევრად, არამედ მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათი განმარტებით, იუსტიციის საბჭოს, რომელსაც კანონი კანდიდატურების წარდგენის უფლებას აძლევს, ნდობა საერთოდ არ აქვს.
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა კი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ კომპეტენციის და გამოცდილების გათვალისწინებით ღირსეული კანდიდატები არიან შერჩეულები.