იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. ეკა ბესელიამ კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე დაასახელა. თუ დეპუტატები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
ბესელიას მიერ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის დასახელებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კითხვები მოჰყვა.
ანრი ოხანაშვილს და დავით მათიკაშვილს აინტერესებთ, აღნიშნული საკითხი იყო თუ არა მმართველ გუნდთან შეთანხმებული.
კომიტეტის მეორე მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, რეგლამენტი უნდა დაიცვან და რომელიმე მოადგილეს უნდა დაეკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება.
ეკა ბესელიას თქმით, ყველაფერი რეგლამენტის დაცვით ხდება და შესაბამისად, აღნიშნულ ინიციატივას გუნდთან შეთანხმება არ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.