"ბატონი ვანოს დარჩენა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. ფოფხაძის თქმით, ბესელიას გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი შეჩერდა.
„მე ვერ გეტყვით, ვინ რას ლობირებდა. მე კულუარულ თამაშებში არ ვიღებ მონაწილეობას. მე ზოგადად როგორც ვიცი, ბატონი ვანო ამ ადამიანებთან დაახლოებული პირია. მე მქონია მასთან კერძო საუბრები და ვიცი, რომ ის ლოიალურია ამ ადამიანების მიმართ. თუ ეს ასე არ არის, შუძლია, ჩემი პოზიცია გააბათილოს. ეკა ბესელია არის ის პიროვნება, რომელმაც უზრუნველყო, რომ დაჩქარებული პროცედურა მოსამართლეობის შერჩევის ვერ განხორციელებულიყო,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტიტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მან კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე დაასახელა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მან პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც გადადგომის შესახებ ვანო ზარდიაშვილის განცხადება მიიღო.