19 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"არსებობს სხვა მიზეზი" - ირაკლი კობახიძისთვის ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი გაუგებარია 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გაუგებარია. კობახიძემ ბესელიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის დასახელებული მიზეზი, რომ თანამდებობა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამო დატოვა, არალოგიკურია, რადგან მისი თქმით, კანდიდატების განხილვა გუშინ საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. 

„პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, როგორც მოგეხსენებათ კანონის დარღვევის პრობლემა არ იყო ამ პროცედურაში, თუ კანონი არ ირღვეოდა, ამ შემთხვევაში მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, კანდიდატებთან დაკავშირებით პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატი და საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს,“ - განახადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელიას გადადგომის "სხვა მიზეზი" არსებობს, თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს რა არის "ეს სხვა მიზეზი".

კითხვაზე არსებობს თუ არა გუნდში განხეთქილება - კობახიძე ამბობს, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის და განხეთქილების საფრთხეს არ შეიცავს. 

„რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ,“ - ამბობს კობახიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები