საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა - პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
საუბარია კადრებზე, რომელიც "რუსთავი2"-ის ეთერში გავიდა და სადაც ნათლად ჩანს, როგორ ყრიან კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს ყუთში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები სისხლის სამართლის ნიშნებზე საუბრობენ და ობიექტური გამოძიების იმედს გამოთქვამენ.
„გავრცელებული კადრებიდან პირდაპირ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს დროული გამოძიება და როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკვე ამ ფაქტების შესწავლა დაიწყო პროკურატურამ. იმედს ვიტოვებთ, რომ ფაქტები ობიექტურად იქნება გამოძიებული. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხდეს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების, დამნაშავე პირების გამოვლენა და მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინება, ასევე საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,“ - განაცხადა თათია ქინქლაძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საუბარია „კურიერში“ გასული რეპორტაჟზე, სადაც პირდაპირ იყო ნაჩვენები როგორ ყრიდნენ კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე განთავსებულ ურნებში ბიულეტენებს და როგორ იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს სასურველი შედეგების მისაღებად.