ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლეა. სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა, მოსამართლე, რომელთან დაკავშირებით ბრალდებები და პრეტენზიები დღემდე ისმის, მათ შორის კლანურ მმართველობასა და გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა.
გასაუბრების ორსაათიანი დაძაბული პროცესი ფარული კენჭისყრით დასრულდა. მურუსიძეს ხმა 14-დან 11-მა წევრმა მისცა. ანა დოლიძემ, ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა სკანდალურ მოსამართლეს ნდობა არ გამოუცხადეს.
ლევან მურუსიძე საბჭოს დღეს ორი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რატომ უნდა ჰქონოდა მანტიის უვადოდ ტარების უფლება. კითხვებს ძირითადად არამოსამართლე წევრები სვამდნენ, მურუსიძესთან მისივე კოლეგებს კითხვები არ ჰქონდათ.
ლევან მურუსიძემ დღეს საჯაროდ რამდენჯერმე აღიარა, რომ ის მოსამართლეების ლიდერია და სასამართლოში კარგი ავტორიტეტითა და რეპუტაციით სარგებლობს. თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ სისტემას მისი და მიხეილ ჩინჩალაძის ე.წ. კლანი მართავს, რომელიც სასამართლოს არაფორმალური მმართველია.
ლევან მურუსიძემ დღეს სასამართლოსა და საკუთარი სახელის დისკრედიტაციაში მედია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები დაადანაშაულა.
ლევან მურუსიძის კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ საბჭოს მოსამართლე წევრებს.
ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების მიმდინარე პროცესსა და საბჭოს მიერ შედგენილ 10-კაციან სიაში პრობლემას ვერ ხედავს.
არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ სწორედ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაა იუსტიციის საბჭოს პასუხი იმ წინააღმდეგობაზე, რაც მათ მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიამ დაიმსახურა. მესამე სექტორმა დღეს პარლამენტს საგანგებო განცხადებით მიმართა და ურჩია, ეს სია საბჭოს უკან დაუბრუნოს.
ლევან მურუსიძე უფლებამოსილებას უკვე უვადო მოსამართლის სტატუსით თბილისის სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.