ივანიშვილმა დაკარგა ჭარბი ნდობა, როცა მმართველი გუნდის წევრებმა დაინახეს, რომ ის შეიძლება დამარცხდეს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს.
მისი თქმით, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის აღარ იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რეალურად არ უკავშირდება მოსამართლეთა გამწესების საკითხს. კახიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო მიმართვის შემდეგ გუნდმა დაკარგა ერთიანობა და ახლა უკვე ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს.
„ივანიშვილის მიმართვა, რომელიც გავრცელდა პირველ და მეორე ტურებს შორის და ის სახე რომელიც მას ჰქონდა.ამ მიმართვამ ბევრი რამე შეცვალა- მათ დაინახეს, რომ შეიძლება დამარცხდნენ. მათ დაინახეს, რომ ივანიშვილიც შეიძლება იყოს შეშინებული და დამარცხებული და ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალისტურია, ამიტომ ქართულ ოცნებაში ასეთი მონოლითურობა აღარ იქნება. ისინი საკუთარი კერძო ინტერესების გატარებას დამოუკიდებლად შეეცდებიან და აღარც ივანიშვილს აქვს ისეთი ჭარბი ნდობა გუნდის შიგნით, როგორიც ჰქონდა. ამ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებაც მას უკან დახევა მოუწია, გუნდის შიგნიდანაც მას გაუბედეს ხმის ამოღება, იმიტომ რომ მას აღარ აქვს ისეთი გავლენა"-აცხადებს კახიძე.