19 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ენმ- მოთხოვნას "ოცნება" არ იზიარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციის განმარტებით, დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

„ნაციონალური მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვის მიერ და რის საფუძველზე იყო ბრძანება გაცემული.

„შეუძლებელია, რომ გამოძიება წარიმართოს სამართლიანად, ვხედავთ, რომ არავითარი შედეგი არ არის, ხელისუფლება მონდომებულია, რომ ეს საქმე არ იქნას ობიექტურად გამოძიებული. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი დღეს არის დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს შესწავლილი ეს საკითხი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ მაჩალიკაშვილის საქმე გარკვეულწილად ქვეყნის უსაფრთხოების საქმეს უკავშირდება და სწორედ ამიტომ არ არის მიზანშეწონილი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„ვფიქრობ, რომ თუ კითხვები არსებობს, სხვა ფორმით უნდა მოხდეს ამ კითხვების ამოწურვა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელისთვის დახურულ ფორმატში, როდესაც ის ანგარიშს წარადგენდა წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ და ეს ფორმატი უფრო მისაღებია,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები