უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს, გიორგი რუსიტაშვილს სალომე ზურაბიშვილის ოჯახისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი რუსიტაშვილი და მისი ადვოკატი ადასტურებენ, რომ შეტყობინებები თეიმურაზ გორჯესტანს ნამდვილად გაუგზავნა, თუმცა ისინი მუქარას არ შეიცავს.
თავად რუსიტაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია გორჯესტანის ინიციატივით დაიწყო, თუმცა საქმის მასალებში, როგორც ადვოკატი ამბობს, გორჯესტანის შეტყობინება არ დევს.
„მესიჯები მიწერილი არის, მაგრამ რამდენად მუქარის შემცველია და რამდენად შეიძლება ადამიანმა ეს აღიქვას მუქარად და რამდენად შეიძლება შეეშინდეს, ეს ცალკე საკითხია. უბრალოდ სასაცილოა, რომ ეს არის თურმე მუქარის შემცველი,“-ამბობს რუსიტაშვილის ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ რუსიტაშვილის შეტყობინებები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის შვილებმა არჩევნებამდე გიორგი რუსიტაშვილისგან მიიღეს, მუქარის შემცველია.
მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ რუსიტაშვილს გამოგზავნილი აქვს როგორც წერილობითი, ასევე ხმოვანი შეტყობინება, სადაც გორჯესტანებს და მათ დედას, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება.
გიორგი რუსიტაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა, მან საქართველო 2016 წელს დატოვა და უკრაინაში იმყოფება. რუსიტაშვილი რუსეთის ფედერაციას ძებნილად ჰყავს გამოცხადებული, რადგან ის საქართველოს გარდა უკრაინაშიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.