19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
„ირაკლი კობახიძის შეხვედრა გიორგი მიქაუტაძესთან აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა" - ანა დოლიძე

„ირაკლი კობახიძის შეხვედრა გიორგი მიქაუტაძესთან აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა,“- ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის საბჭოს მდივნის შეხვედრა იმ ფონზე,რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება, მიუღებელია. მათი თქმით, კობახიძისა და მიქაუტაძის შეხვედრის შესახებ ტელევიზიით შეიტყეს. 

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საბჭოს ეს გადაწყვეტილება არის "კლანის გაფართხალება".

„ჩვენ ამ კვირას მოვიგეთ ძალიან დიდი ბრძოლა. ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ მნიშნველოვანი და სერიოზული საფრთხე, ვინაიდან სამართლო კლანს ჰქონდა სასამართლო ხელისუფლების საბოლოო მიტაცების მცდელობა. მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში. ამ გამარჯვებისთვის გვინდა, ყველას ნებისმიერი ფორმით ამ საკითხზე ხმა ამოიღო, მადლობა გადაგიხადოთ. ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ტელევიზიიდან შევიტყეთ რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. იუსტიცის საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა, ამდენად ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია. ირაკლი კობახიძის მხრიდან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრამ, რომელმაც თავი დაისახელა იმ შავ სიაში, რომელიც პარლამენტმა გააჩერა, აღიქმება როგორც იმ ჯგუფის მხარდაჭერა, რომელიც ცდილობს, რომ ჩაიცემენტოს თავის სასამართლო ხელისუფლებაში, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს მდივანს ისე ხვდება, რომ არ ითვალისწინებს საბჭოს წევრების ნაწილის პოზიციას. მისი განცხადებით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.

 

დღის ამბები