03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"ეს საქართველოს გამარჯვებაა," - ნარმანია ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუციაზე

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, დოკუმენტში ზუსტად არის ასახული ის პოზიტიური შეფასებები, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მხრიდან გაკეთდა.

თბილისის მერის თქმით, არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა, რაც კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტშიც აისახა. ის ასევე განმარტავს, რომ რეზოლუცია "საქართველოს გამარჯვებაა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ისევე უნდა გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა".

კომენტარი რეზოლუციასთან დაკავშირებით ნარმანიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

საქართველოში გამართული თვითმართველობის არჩევნების შესახებ სტრასბურგში გუშინ, 14 ოქტომბერს იმსჯელეს. მსჯელობის დაწყებამდე კი ევროსაბჭოს კონგრესმა მონიტორინგის ანგარიშის პირველადი ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტში ჩატარებული არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული. თუმცა, ამ შეფასების მიუხედავაად, ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის მეორე ტურის წინ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებამ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნა. ამასთან, ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობა მაღალი სტანდარტებით იყოს დაცული.

ამავე თემაზე
დღის ამბები