ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურია. კომიტეტმა გედევან ფოფხაძეს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა.
ფოფხაძე ამ დროისთვის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოვალეობას ასრულებს და შესაბამისად, ორი თანამდებობა ერთდროულად ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. თავად ფოფხაძე კომიტეტის სხდომას არ დასწრებია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, კომიტეტის პირველი მოადგილის დასახელების შესახებ გუნდი იმსჯელებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
სოფო კილაძემ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლის თანახმადაც, ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა წარადგინა.
„მართალია კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დასახელების უფლებამოსილება კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად გუნდთან შეთანხმებული და გუნდის მიერ გადაწყვეტილი პირველი მოადგილე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ხდებოდა, გარდა წინა ერთი შემთხვევისა, გამონაკლისისა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
გუნდურობაზე გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმაც, მისი თქმით, „ქართული ოცნებაში“ გუნდური პრინციპის თამაშის წესებია დანერგილი.