საგანგებო სხდომა "ქართულ ოცნებაში" დაიწყო. პარტიის ლიდერები არ აკონკრეტებენ რა არის განხილვის მთავარი თემა, თუმცა გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე მიმდინარე დაპირისპირებაზე იმსჯელებენ.
საუბრის მთავარი თემა კი სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პროტესტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება იქნება. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება, სავარაუდოდ, დღეს შესაძლოა ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი დადგეს. ამ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
„ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და მთავარი წესი, რომ შიდა საკითხები გარეთ არ გამოვიდეს. მე მექნება პოზიცია, რომ გუნდის მთავარი წესი - გუნდურობა ეხება გუნდის თითოეულ წევრს, ამიტომ თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ მთავარი წესი იქნას დაცული,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
"ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არსებობს და არის მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა. კობერიძის აზრით, გუნდში განსხვავებული აზრის ქონა არის დადებითი პროცესი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში კი ამბობს, რომ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა და შესაბამისად, ის ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
დეპუტატთა ერთი ნაწილი გუნდში მიმდინარე დაპირისპირებაზე პარტიის თავმჯდომარის აზრის მოსმენას ელიან. ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ის სხდომაზე გუნდის რომელიმე წევრის საქციელის განსახილველად არ მისულა, თუმცა დაელოდება რა შეთავაზება ექნება ბიძინა ივანიშვილს.
"არ არის დღევანდელი ჩემი მიზანი, რომ ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე. ეს არ არის ჩემი დღევანდელი აქ მოსვლის მიზანი. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე"-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.