მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში დაწყებულ დაპირისპირებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება. დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა 10-კაციან სიაში წარდგენილი კანდიდატების ნაწილი მისთვის მიუღებელია და სიაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ეკა ბესელიას მიერ მოსამართლეთა სიის პარლამენტიდან უკან გაწვევის მოთხოვნას და მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასაც აფასებს.
დეკანოიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დუმდა და ამ დრომდე არ გამოუთქვამს ბესელიას პროტესტი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
„ბესელია ახლა გამოდის უკვე სასამართლოს და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე, როდესაც 7 წელი მას არ შექმნია მას არავითარი მორალური თუ ზნეობრივი დისკომფორტი, როდესაც ამ მოსამართლეების გარემოცვაში მუშაობდა და მას არ შექმნია მორალური თუ ზნეობრივი დისკომფორტი, როდესაც პოლიტპატიმრების სიაში ჩასვა ჯაშუშები, ამიტომ, ყველაფერი ეს არის ფარსი, თუმცა, ასეთი ერთობლიობა ადამიანების აუცილებლად დაიშლება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.
სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია გრძელდება. უცნობია როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ.