19 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
სავარაუდო კორუფციული გარიგება - ოპოზიცია პროკურატურისგან ოდიშარიას ბიზნეს საქმიანობის შესწავლას ითხოვს 

თაბორის მთაზე „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას ბიზნეს საქმიანობის შესწავლის მიზნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას მიმართა.

„კურიერში“ გასული რეპორტაჟის საფუძველზე, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პროკურატურისგან მოითხოვს ბექა ოდიშარიას მიერ თაბორის მთაზე დაგეგმილი მშენებლობის შესწავლას.

ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ოდიშარიამ საკუთარი გავლენების გამოყენებით მიიღო მშენებლობის ნებართვა, რადგან მან თავდაპირველ მოთხოვნაზე 2014 წელს უარი მიიღო.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი პროკურატურის გარდა, აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს თბილისის მერს, კახა კალაძეს.

ხაბეიშვილის განცხადებით, კალაძემ მშენებლობის ნებართვა უკან უნდა გაიწვიოს. ხაბეიშვილი საკითხის დაყენებას საკრებულოს პირველივე სხდომაზე გეგმავს.

„პროკურატურას ვთხოვთ, რომ 2014-ში რომ უთხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაა და აქ არ შეიძლება მშენებლობა 2017-ში როგორ გახდა ეს შესაძლებელი, ხომ არ გამოიყენა ბოროტად ბექა ოდიშარიამ და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტაციის შესწავლა მეორე, და მნიშვნელოვანი, კალაძეს აქვს შანსი, რომ არ გააგრძელოს ნარმანიას გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოდიშარია ამ ნებართვას მიიღებს, ნარმანიზაცია მოხდება კახი კალაძის და აქედანვე ვპირდები, რომ მათ შორის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, საკრებულოს სხდომაზე, პირველივე რომელიც იქნება, აუცილებლად ამ საკითხით როგორც პროკურატურას ვთხოვ, რომ გამოძიება დაიწყოს და შეაჩეროს ამ მშენებლობის ნებართვა, ასევე დედაქალაქის მერს, რომელმაც აუცილებლად ეს ნებართვა უნდა გაიწვიოს უკან,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„კურიერში“ გასული რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თაბორის მთაზე მშენებლობის ნებართვა მერიისგან რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღო. ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე 21-სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს. მას მშენებლობაზე უარი 2014 წელს საპროექტო ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობის გამო უთხრეს. ბექა ოდიშარიასთვის ხელსაყრელი დრო 2017 წლის ბოლო აღმოჩნდა. 2018 წლის ივლისში კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მართალია ბუნდოვანი, მაგრამ მაინც თანხმობა მისცა დეპუტატს.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები