19 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
განხეთქილება მმართველ გუნდში - უვადო მოსამართლეთა სიის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს 

მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მმართველ  გუნდში დაპირისპირება უფრო მწვავდება. „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ მისი თანაგუნდელები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

„ქართული ოცნების“ წევრი ღიად აცხადებს, რომ გუნდში ამ საკითხზე დაპირისპირება არსებობს და ის ასევე ყველა დეპუტატს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან წინა ხელისუფლების დროს მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც ამ თანამდებობას არ იმსახურებენ.

„თუ ეს დაპირისპირება ასე გაგრძელდება, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია, ვიღაცის გარიცხვაზე, მაგალითად, გედი ფოფხაძე იყო ამ შემთხვევაში გამოწვეული იურიდიული კომიტეტიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ამ შემთხვევაში რა სიმწვავეც და ხასიათიც ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და თუ ამ მიმართულებით არაფერი არ შეიცვლება და განსაკუთრებით, ვთქვათ, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა ტიპის სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე პირდაპირ აქვე ვაცხადებ, რომ მე უმრავლესობას დავტოვებ,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია გრძელდება. უცნობია როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ

დღის ამბები