19 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"მდიდარს მეტად ეხმარება და გაჭირვებულს ნაკლებად" - „დემოკრატიული ინიციატივა" დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს ასაჩივრებს

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაცია სადავოდ ხდის კანონის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ახალი სტანდარტი არღვევს საკუთრებისა და თანასწორობის უფლებებს.

მისი შეფასებით, ამგვარი საპენსიო რეფორმა შედეგად უზრუნველყოფილ სიბერეს არ მოიტანს.

„ეს სავალდებულოება არღვევს როგორც ადამიანების საკუთრების უფლებას, ასევე ლახავს დამსაქმებლების საკუთრების უფლებას და მათთვის, ფაქტობრივად, ახალი გადასახადია. არღვევს ადამიანთა თანასწორობის უფლებას, რადგან მდიდარს მეტად ეხმარება და გაჭირვებულს ნაკლებად. ეს მოდელი, რომელიც გვაქვს, არა მარტო საკუთრების და თანასწორობის უფლებებს არღვევს, არამედ არ მოგვიტანს იმ შედეგს, რომლისთვისაც უნდა იყოს ორიენტირებული. ეს არ მოგვიტანს შედეგად უზრუნველყოფილ სიბერეს და მაღალ პენსიას,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

40 წლამდე ასაკის საქართველოს 350 ათასი მოქალაქე ვალდებულია, დაგროვებით პენსიის პროგრამაში ჩაერთოს. დაგროვებითი პენსიის ფორმულის მიხედვით, 2 პროცენტს იხდის დასაქმებული, ამდენივეს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები