თუ არ გაიწვევენ მოსამართლეთა სიას - ხალხი უკვე კობახიძე-მდინარაძეს გაიწვევს -
ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემაზე კანონმდებლები საუბრობენ. ოპოზიცია - მათ შორის ყოფილი უმრავლესობის წევრები, "ქართულ ოცნებას" სიმართლესთან ბრძოლის პარტიად მოიხსენიებენ. პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით დეპუტატები პოლიტიკური პიარის ნაწილად მიიჩნევენ. ეკა ბესელია და მისი გუნდის წევრები უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალი კვირიდან იწყებენ.
"არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან და ეს არ გადაცდება გაზაფხულს. იმაში ვარ დარწმუნებული რომ სამართლიანობას ებრძვის დღეს "ქართული ოცნება." ალბათ უფრო დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი დგას იმიტომ, რომ ისინი ისე თავხედურად ესაუბრებიან საზოგადოებას, რომ ეს მდინარაძის მხარდაჭერილ კანდიდატებს არ გვანან,"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ მოსამართლეების სიით მანიპულირება სამართლიანობის სახელით, ღიმილის მომგვრელია.
"ქართული ოცნების" ხელში და ბიძინა ივანიშვილის ხელში ნორმალური სასამართლოს ჩამოყალიბება არის წარმოუდგენელი. ამ სიით ვიღაცეების მიერ სარგებლობა, რომ თითქოს სამართლიანობისთვის იბრძვიან, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ნორმალური სასამართლოს ჩამოყალიბების შანსი, ამ საზოგადოებას ექნება მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" წავა ხელისუფლებიდან,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სამოქალაქო მოძრაობა ”ძალა ერთობაშიას” შტაბის წევრი, პაატა მანჯგალაძე უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტიკური PR-ის ნაწილად მიიჩნევს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბესელია წლების განმავლობაში არ აპროტესტებდა აღნიშნული მოსამართლეების არსებობას.
"პოლიტიკური პიარის ნაწილია ნამდვილად რომ საზოგადოებაში გაჩნდეს აზრი, რომ თითქოს ბესელიას რაიმე ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვს ამ სიასთან. 6 წელია თანაარსებობს "ქართული ოცნება," მათ შორის ბესელია და დღეს ამ თემაზე საუბარი ემსახურება პოლიტიკურ PR-ს. ამ სიას ლობირებს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ სასამართლოს მორჩილება, მისთვის არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი,"-აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა ”ძალა ერთობაშიას” შტაბის წევრი, პაატა მანჯგალაძე.
უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე კი ამბობს, რომ სიის განხილვა არ მოხდება, მანამ, სანამ ის არ იქნება იუსტიციის საბჭოს მიერ უკან გაწვეული და პარლამენტი წესებს არ დაადგენს.
"ერთ ოთახში დაწერილი 10-კაციანი სიის შემოდგება, ფაქტიურად პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა,"- პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.