მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება - ეკა ბესელიას გუნდის წევრები პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციის ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებენ, კობახიძის გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ამ რეჟიმში ერთად მუშაობას ვეღარ შეძლებენ და გუნდში გაუგებრობის შემოტანის მიზეზად სწორედ ბესელიას ასახელებენ.
დაპირისპირების ფონზე პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს. ივანიშვილის განცხადებაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრობს და ღიად აკრიტიკებს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბესელიას თანამდებობიდან გადადგომას გაუგებრობას უწოდებს და მას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ დაპირისპირება მმართველ პარტიაში ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ეკა ბესელია პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებდა.
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება, ჩემი დაპირისპირებაც ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, შემდეგ კვირიკაშვილს. ამიტომ ამ ადამიანებისგან თუ შეიძლება დაპირისპირება ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება.
"რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მაგ ადამიანს არ უთქვამს, რომ კობახიძე მეყოლება ფლაგმანად, მურუსიძე და ჩინჩალაძეო... დაპირებებს ზოგადად უნდა გაანალიზება. ხალხმა რისი გულისთვის დაუჭირა მხარი, ამ გადაწყვეტილების გულისთვის ნამდვილად არ დაუჭირა. რომ შემოვა და თუ არ იქნება გასწორებული ეს სია, ალბათ, იქნება ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა ამასთან დაკავშირებით,“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.