ყოფილი მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილ უვადოდ გამსაწესებელ 10-კაციან სიას კრიტიკულად აფასებენ. მათ დღეს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი შეხვდა.
ყოფილი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ყოფილი მოსამართლე, თეა ხამხაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სია პარლამენტმა არ უნდა განიხილოს. მისივე თქმით, ადვოკატებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატებად იყვნენ წარდგენილები.
„ახლა უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რამდენად მიიღებს ასეთი სახით წარდგენილ სიას. მე ვფიქრობ, რომ ამ სიის განხილვა არ უნდა მოხდეს და უფრო გამჭვირვალედ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა,“ - განაცხადა ხამხაძემ.
მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე აკეთებს აქცენტს ყოფილი მოსამართლე, თეიმურაზ თოდრია. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსამართლის შერჩევის წესი იყოს გამჭვირვალე, რაც საზოგადოებაში ნაკლებ კითხვის ნიშანს გააჩენს.
ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ წარდგენილი მოსამართლეების ნაწილი არ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტს.
„მე მიმაჩნია, რომ უმრავლესობა წარდგენილი პირების ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტს, როგორც მე, თქვენ და სხვა მოქალაქეებს ეკუთვნით ამ ქვეყანაში, რომ ჰქონდეთ სასამართლო. მე ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არიან მიხეილ ჩინჩალაძე და მისი კლანის წევრები. ამასთან სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც იუსტიციის საბჭოს ორი წევრი თავის თავს ასახელებს ასეთ მაღალ თანამდებობაზე ყოველგვარი კონკურენციის გარეშე,“ - განაცხადა მაია ბაქრაძემ.
დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ გამსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.