საპარლამენტო ოპოზიციაში, მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო. უმცირესობის თქმით, დაპირისპირებამ „ქართული ოცნების“ რეალური სახე გამოაჩინა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ, სადაც ის ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს მკაცრად აკრიტიკებს, კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ "ქართულ ოცნებაში" ფაქტობრივად პარტიული დიქტატურაა.
„ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოხატეს თავის დამოკიდებულება იმ საკითებთან მიმართებაში, რომელიც არ ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის აზრს. ყველა ვინც გადადგამს საწინააღმდეგო ნაბიჯს ის იქნება დასჯილი. ფაქტობრივად „ქართულ ოცნებაში“ არსებობს პარტიული დიქტატურა,“-ამბობს რომან გოცირიძე.