საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, აცხადებს, რომ დღეს არსებული კანონით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა უკან გაწვევა შეუძლებელია. თუმცა, მიქაუტაძის თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ, თუკი იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, რომ ღია პროცესში აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სამუშაო, სარეფორმო ჯგუფი და რომელიც მიღებული იქნება,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეეხება სიის ფორმალურად ჩაგდებასთან დაკავშირებულ საკითხს, მან აღნიშნა, რომ ესაა დეტალები და არაა მნიშვნელოვანი საკითხი.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა, სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა, მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი," - განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10-კაციან სიას დიდი დაპირისპირება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას ითხოვენ, რასაც მათი თანაგუნდელები არ იზიარებენ.