19 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
სანამ მაღალი თანამდებობის პირს შემოგვატენიან, მანამდე მინიმალური ინფორმაცია მაინც ჰქონდეთ, ხომ არ არის თაღლითი - ხაბეიშვილი

„დედაქალაქის მერსაც და საკრებულოსაც მოვუწოდებთ, სანამ მაღალი თანამდებობის პირს, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოგვატენიან, მანამდე მინიმალური ინფორმაცია მაინც ჰქონდეთ, ხომ არ არის თაღლითი, ხომ არ არის ნასამართლევი,“ - ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის რაიონის ყოფილ გამგებელთან დაკავშირებულ სკანდალს.

სამგორის რაიონის ყოფილ გამგებელს, დავით კერესელიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ სარჩელი მისმა ნათესავმა შეიტანა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მთავრობა საეჭვო რეპუტაციის მქონე პირებითა და კრიმინალებით კომპლექტდება, რაც დაუშვებელია.  

„წარმოუდგენელია, მუდმივად ეს პრობლემა იდგეს დედაქალაქის მთავრობაში, რომ კრიმინალებით კომპლექტდებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის ნათესავმა, იოსებ ფილიშვილმა საგამოძიებო უწყებას ერთი წლის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გასაყიდად იუსტიციის სახლში მივიდა, მიწა კი უკვე გაყიდული და ბიძის სახელზე დარეგისტრირებული დახვდა. ფილიშვილი 6 მიწის ნაკვეთზე დავობს.

ნაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, კერესელიძემ საეჭვო მინდობილობების საფუძველზე შეიძინა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსმა ირმა გოგიამ დაამოწმა, რომელიც ყოფილი გამგებლის დისშვილია.

სადავო მიწის ნაკვეთები დავით კერესელიძემ სამგორის რაიონის გამგებლად მუშაობის პერიოდში დაირეგისტრირა. საკრებულოს ოპოზიცია მას კორუფციაში მაშინვე ადანაშაულებდა და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კერესელიძემ პოსტი გასული წლის აპრილში დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები